ჩრდილოეთმა კორეამ ორი უცნობი რაკეტა გაისროლა იაპონიის ზღვის მიმართულებით. ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით.
ფრენის მანძილი 330 კილომეტრი იყო. ახლო რადიუსის რაკეტების გამოყენება დაადასტურა როიტერის წყარომ აშშ-ის მთავრობაში. იაპონიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რაკეტებს მუქარა არ შეუქმნიათ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ეს უკვე მერვე გამოცდაა, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოაწყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ივნისში გამართული შეხვედრის შემდეგ. ახლახან ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფხენიანი მზადაა, სექტემბრის ბოლოს ახალი მოლაპარაკებები გამართოს დენუკლეარიზაციის შესახებ.
აშშ-ის ექსპერტების ვარაუდით, ფხენიანი რაკეტების ამ გამოცდებით ცდილობს, ზეწოლა აწარმოოს ვაშინგტონზე კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის თაობაზე უშედეგო მოლაპარაკებების ფონზე. დენუკლეარიზაცია ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის სრულ შეწყვეტას და, სანაცვლოდ, ფხენიანის მიმართ აშშ-ის ყველა სანქციის მოხსნას.