Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ნაციონალურ მოძრაობას: არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„პატივცემულო დეპუტატებო, რთულია დღეს ამ ტრიბუნიდან საუბარი განსაკუთრებით მსგავსი პათოსის შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია პოლიტიკური პასუხისმგებლიანი პოზიციით. მე ძაან კარგად მახსენდება რთული წუთები ამ შენობაში, როდესაც ქალბატონი სალომე პირადად მემუქრებოდა იმით, რომ დაგრჩათ სულ რაღაც რამოდენიმე წუთი, ეხლა აქ ხალხი შემოიჭრება და თქვენი დასასრული დაიწყება. ზუტად ასევე, ქალბატონი სალომე მემუქრება დღეს...“ - ასე დაიწყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ გამოსვლა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, დეპუტატების შეკითხვების შემდეგ.

შეკითხვების უმრავლესობა ეხებოდა იმას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს ადამიანების დასახიჩრების, ია კერზაიას სიკვდილის, ან ბიზნესზე ზეწოლის გამო.

გიორგი გახარიას სიტყვა შეაწყვეტინა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც მანამდე გახარიას მოთხოვა, რომ შეკითხვებზე პასუხი დაეწყო იმით, აქვს თუ არა სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლება მაკო გომურს, რომელმაც აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომაზე გააპროტესტეს, რომ საშვების დაშვების მიუხედავად, მაკო გომურს და სხვა დაშავებულებს არ აძლევდნენ პარლამენტის შენობაში შესვლის უფლებას.

გიორგი გახარიას სალომე სამადაშვილის შეკითხვისთვის არ უპასუხია: „რაც შეეხება ყველაფერს იმას, რაც აქ ითქვა, ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ისიც, რაც ახლა აქ ხდება ეს არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის სახე - ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება და ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ. და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ.“

გიორგი გახარიას სალომე სამადაშვილმა გამოსვლა კვლავ შეაწყვეტინა და ფრაქციის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს მიმართა, სხდომა დაესრულებინათ და არ მოესმინათ „სისხლის სამართლის დამნაშავისთვის.“

„დღეს, როდესაც ფაქტობრივად მტკიცდება გავრილოვის მთავრობა, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაცია იმდენს ბედავს, რომ იმ ადამიანებსაც კი აქ არ უშვებს, რომლებსაც აქვთ ყველა უფლება, მათ შორის მორალური უფლება, იყვნენ ამ დარბაზში და შეახსენონ თავი და შეახსენონ იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც ამ ხელისუფლებამ და პირადად თქვენ ჩაიდინეთ. ამიტომ, ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თქვენი გამოსვლის მოსმენა ასეთ პირობებში და ვწყვეტთ სხდომას“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მინისტრობის კანდიდატებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები დარბაზიდან ტაშით გააცილეს.

XS
SM
MD
LG