საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გათანაბრდება.
პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2013 წლიდან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ხარჯავს, თუმცა კვლავ დიდია მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხების მოცულობაც:
„ბოლო 7 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან მოხდა 3 მილიარდნახევარზე მეტი თანხის დაფინანსება პაციენტების ჯანმრთელობისთვის. 2013 წლიდან 2 მილიონ 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საყოველთაო ჯანდაცვით სამედიცინო დაწესებულებებს. ნამკურნალებია 6 მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევა. მიუხედავად ამისა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება. ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35 პროცენტზე მეტია.
აღნიშნული მონაცემები ნათლად წარმოაჩენს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით. რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხსაც. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მიზანია სადაზღვევო კულტურის განვითარება.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პროგრამის საკომიტეტო განხილვა. დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს. ამ დროისთვის გრძელდება ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატების, ქეთევან ტიკარაძისა და მიხეილ ბატიაშვილის საკომიტეტო მოსმენა.