Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე-ჯაფარიძე: პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან


"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, დახურულ შეხვედრაზე მიიწვია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ხაზარაძის და ჯაფარიძის ცნობითვე, პროკურატურა გეგმავს უცხოელ დიპლომატებს წარუდგინოს მის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე.

„გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ - პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი” - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ დღეს, 2 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, პროკურატურაში დაგეგმილი დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის გაუგებარია, რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებულა, გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაასამართლონ და დამნაშავეებად გამოაცხადონ.

„ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის, როგორც ამ კონკრეტულ საქმეზე, ისე ზოგადად. ასევე, გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ აღნიშნულ საქმეზე საჯარო განცხადებებს აქტიურად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მედიაში დეტალურად განიხილავენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. მმართველი პარტია საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებამდე, ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით, ცდილობს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შექმნას საზოგადოებრივი აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით” - ნათქვამია განცხადებაში.

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მოითხოვენ საქმის გამჭვირვალედ წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით.

„თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოიყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე“ - აცხადებენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

XS
SM
MD
LG