Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალით ვერ უმკურნალებ


ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეუძლებელია რომელიმე სტრუქტურამ თვალყური ადევნოს, თუ რამდენად სწორად ასრულებს ექიმის დანიშნულებას ფსიქიკური პრობლემების მქონე 80 ათასი ადამიანი. თამარ საძაგლიშვილის დედის მანანა ჩხიკვაძის თქმით, მისი შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, მაგრამ წამლებს აღარ იღებდა. საძაგლიშვილი 3 წლის ბავშვის დაჭრაში არის ეჭვმიტანილი.

51 წლის თამარ საძაგლიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პარალელურად დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოიკვლევს. დაკავებულის დედა მანანა ჩხიკვაძე ამბობს, რომ მისი შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ექსპერტიზაც ამას დაადასტურებს.

მანანა ჩხიკვაძე
მანანა ჩხიკვაძე

„დანიშნულებაც ჰქონდა და წამლებსაც იღებდა. მერე რაღაც დროს რემისია ჰქონდა და შეწყვიტა წამლების მიღება, ალბათ ეგონა, რომ გამოჯანმრთელდა. საერთოდ ჩვეულებრივად გადიოდა ქუჩაში, ჩვეულებრივად ყიდულობდა პროდუქტს, მოჰქონდა სახლში. ჩვეულებრივად სახლის საქმეებს აკეთებდა და ეს რატომ და როგორ მოხდა, ვერ გეტყვით“, - ამბობს ის.

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია უშუალოდ თამარ საძაგლიშვილზე არ საუბრობს, მაგრამ ამბობს, რომ ზოგადად შეწყვეტილ მკურნალობაზე პასუხისმგებლობა ისევ პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს ეკისრებათ, რადგან მკურნალობა, თუ ძალიან გამწვავებული სიტუაცია არ არის, პაციენტის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა ხალხმა იცოდეს ამა თუ იმ ფსიქიკური დაავადების სიმპტომები და დროულად მიხვდეს, როდის უარესდება ადამიანის ჯანმრთელობა.

„ეს შეიძლება იყოს შფოთი, ჰალუცინაცია, არაადეკვატური ქცევა... დღეს ისეთი პროგრამა, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს პაციენტის მკურნალობას არც არსებობს, არც არის სასურველი არსებობდეს. სახელმწიფო უშუალო მეთვალყურეობას უზრუნველყოფს მხოლოდ ინფექციური დაავადებების შემთხვევაში, მაგალითად ტუბერკულოზს“, - ამბობს თამარ გაბუნია.

თამარ გაბუნიას თქმით, სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევით საქართველოში 80 ათასზე მეტი ადამიანია დაფიქსირებული. აქედან მხოლოდ 3 პროცენტია მძიმე შემთხვევები, ყველა სხვა პირი სახლის პირობებში მკურნალობს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG