ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ევროკავშირის სადამკვირვებლო წარმომადგენლები.
10:30 საათის მდგომარეობით, ჩორჩანაში სიმშვიდეა. მის მოსაზღვრე, ოკუპირებულ სოფელ წნელისში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გადაადგილება არ შეინიშნება.
„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ სტრატეგიულ მოკავშირეებთან და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობს სახელმწიფო აპარატი და შესაბამისი უწყებები“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ, რომელიც ჩორჩანაში იმყოფება.
კახა ქემოკლიძის თქმით, ქართულ მხარე კლასიკურ ულტიმატუმად არ აღიქვამს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმს: „ეს, ჩვენი აზრით, იყო უფრო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმ ფორმატში, როდესაც პერიოდულად, სხვადასხვა დროს ემოციები ჭარბობს რაციონალურ მსჯელობას.“
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსს იმედი აქვს, რომ ემოციები ჩაცხრება და თანამშრომლობა გაგრძელდება კონსტრუქციულ ჩარჩოში.
„საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი წადილი, რომ ეს პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს, მათ შორის ერგნეთის ფორმატში“ - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ წნელისს ესაზღვრება.