„მთავარი არხის“ თანადირექტორმა გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრს 24 დეკემბერს, დილით მიმართა და წერილს დაურთო გიორგი გაბუნიასთან მიმოწერის ფოტო, რომელშიც გენერალური დირექტორი აღნიშნავდა, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“.
რეესტრმა ქურდაძეს მოთხოვნა 25 დეკემბერს შეუჩერა და მოსთხოვა:
- წარედგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გიორგი გაბუნია საკუთარი ნებით ტოვებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას;
- ან მიეტანა მფლობელების გადაწყვეტილება მისი გადაყენების შესახებ.
გიორგი გაბუნიას გადასაყენებლად მხოლოდ ზაზა ოქუაშვილი ხმა საკმარისი არ არის, მას სჭირდება არხის სხვა მეწილეების თანხმობაც.
2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „მთავარი არხის“ წილები ასეა გადანაწილებული: სოფო ლილუაშვილი (ნიკა გვარამიას ცოლი) - 12%; მარი ანა რურუა - 2,5%; გიორგი რურუა - 2,5%; ნიკოლოზ სისაური - 3%; შპს "საქართველოს უნივერსიტეტი" - 2%; ბაკურ ჯახია - 37%; შპს "ომეგა მოტორს თბილისი" - 0,2% (ზაზა ოქუაშვილი); შპს "ომეგა მოტორ ჯგუფი" (ზაზა ოქუაშვილი) - 0,2%; BGIM LTD (ზაზა ოქრუაშვილი) - 39,2%; მაგული ხარებავა - 0,2%; ნათია ჯოგიაშვილი - 0,2%.
დოკუმენტების წარსადგენად გიორგი ქურდაძეს ერთთვიანი ვადა მისცეს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ამოიწურა. შესაბამისად, რეესტრმა 29 იანვარს გამოსცა გადაწყვეტილება გიორგი გაბუნიას „მთავარი არხის“ დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
გიორგი ქურდაძეს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 30-დღიანი ვადა აქვს.
არხზე შექმნილ პრობლემებზე ცნობილი 2024 წლის 11 დეკემბერს გახდა, როცა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგი გამართა. მან თქვა, რომ არხის ერთ-ერთმა მეწილემ, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა, არხის დახურვა გადაწყვიტა და ფაქტობრივად, ჩაერთო „ქართული ოცნების“ დაწყებულ მასობრივ ძალადობაში.
გაბუნიას განცხადებით უპასუხა ოქუაშვილმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო დავას, ამიტომ „კომიკური და ლოგიკას მოკლებულია” გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმული, „ცუდად შეფუთული ბრალდება„ ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ. ოქუაშვილი ირწმუნება, რომ სურს „არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.
2020 წლის მაისში, „მთავარი არხის“ მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
2024 წლის თებერვალში, გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.
2024 წლის მარტში, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.
ფორუმი