ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს: რაულ ხაჯიმბა, ალხას კვიწინია, ოლეგ არშბა, ასტამურ თარბა, ალმას ჯაპუა, ლეონიდ ძიაპშბა, შამილ აძინბა, ასტუმურ კაკალია და არტურ ანქვაბი.
ადგილობრივი სპეციალისტებისთვის შედეგების პროგნოზირება ძნელია. აღინიშნება ფაქტი, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 6 აგვისტოს უმასპინძლა და კენჭისყრის „დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით ჩატარდების“ იმედი გამოთქვა.
დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელენე ლაბახუას თქმით, ეს უკვე რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია და კენჭისყრა 35 ოლქში ტარდება. 152 საარჩევნო უბანზე 116 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი ტარდება რუსეთშიც და ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვშია გახსნილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ჩანაწერი კეთდება აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მეხუთე გვერდზე - ეს არის სპეციალური შტამპი და იმ პირის ხელმოწერა, რომელმაც შტამპი დაუსვა.
ამავე წყაროების თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს რამდენიმე ათეული მეთვალყურე ჰყავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროცესში ჩართული არიან მეთვალყურეები რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან თუ მთიანი ყარაბახიდან.
რუსეთის მიერ ოკუპირებული და დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული რეგიონების წარმომადგენელთა გარდა, მეთვალყურეთა შორის სახელდებიან ასევე წარმომადგენლები ბელორუსიიდან, გერმანიიდან და ჩინეთიდან.
საერთაშორისო თანამეგობრობა უკანონოდ თვლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს.