Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენი პრინციპული პოზიციაა


ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა მინსკში. 2019 წლის 23 აგვისტო
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა მინსკში. 2019 წლის 23 აგვისტო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ბელარუსის პრინციპული პოზიციაა - ამის შესახებ პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა მინსკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსს ასეთივე პოზიცია აქვს ყველა ქვეყნის მიმართ. „ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება ეს დაემართოს და ეს დაუშვებელია“ - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა. მისი სიტყვები მოჰყვა მამუკა ბახტაძის მადლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპული მხარდაჭერისთვის, რასაც პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.

ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე, განაცხადა, რომ ბელარუსი დაჟინებით განაგრძობს საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთან და მათ ცუდებად და კარგებად არ ვყოფთ. თუ თანამშრომლობაში რაღაც ხარვეზები და პრობლემებია, მშვიდად და მოთმინებით უნდა დაიძლიოს, რასაც ზოგიერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსთან ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ დაჟინებით, მოთმინებით - თუმცა, ეს პერიოდი უკვე გავიარეთ - განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს ბელარუსი და ქართველი ხალხების საკეთილდღეოდ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, ბელარუსის და საქართველოს თანაშრომლობა ყოველთვის მაგალითად მოჰყავს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის დიდი ტვირთბრუნვა არ არის და 2018 წლის შედეგებით, 87 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ჩვენ ოდესღაც ნულიდან დავიწყეთ და ვერ წარმოგვედგინა, როგორ შეიძლებოდა საქართველოსთან ვაჭრობა რუსეთთან მისი პრობლემების და სხვა საკითხების გამო. მაგრამ სულ რამდენიმე წელიწადში ვაჭრობა ვისწავლეთ და პერსპექტივებსაც ვხედავთ“ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 23 აგვისტოს დაიწყო.

XS
SM
MD
LG