Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კურიერი“ ძირითადმა გუნდმა დატოვა


ტელეკომპანია რუსთავის 2 „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა. მათ შორის არიან ჟურნალისტები ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნათია ტრაპაიძე, დათო ქაშიაშვილი, ნინო სამყურაშვილი, თამთა, დოლენჯაშვილი, ნინო გაზდელიანი, მაიკო ლომიძე, გიგლა თუმანიშვილი, ეკო მაღრაძე, ეკა გაგუა, სოფო ზურაბიანი, რუსუდან ჯაბანიშვილი, დავით ერაძე, ჯეიხუნ მუჰამედალი, მარიამ გაფრინდაშვილი, ქეთა ციცქიშვილი, სოფო ვარდიაშვილი, ანუკი ბუავა.

ამის შესახებ მათ განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეზოში გააკეთეს.

თამარ ბაღაშვილის თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა 21 აგვისტოს ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღეს:

„სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს დღეს. რუსთავი 2 ბიძინა ივანიშვილის მიერაა ოკუპირებული. აქ ყველანი არ ვართ, ვინც რუსთავი 2-ის დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ „კურიერის“ დიდმა ნაწილმა, პრაქტიკულად მთელმა გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ოკუპირებულ ტელევიზიაში ვერ გავაგრძელებთ მუშაობას“.

„კურიერის“ ყოფილი ჟურნალისტები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ სად გააგრძელებენ საქმიანობას.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

რუსთავი 2-ზე, 21 აგვისტოს, არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება.

XS
SM
MD
LG