გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის. ამ ომს თავისი გმირები ჰყავს - იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება“ - წერს ფეისბუკზე მამუკა ხაზარაძე.
"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელი ქართულ ბიზნესს თხოვს, დაეხმარონ გუგუტიანთკარში მცხოვრებ ადამიანებს: „ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება.”
რუსეთის საოკუპაციო ძალებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა.
ამ ოჯახებმა სახელმწიფოსგან ფინანსური კომპენსაცია მიიღეს. რაზმაძეები ამჟამად ცხოვრობენ გორში, სადაც მიწის ნაკვეთი შეიძინეს და პატარა სახლი ააშენეს.
გუგუტიშვილები სოფელში დარჩნენ და გუგუტიანთკარის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობენ.