კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხარვეზების გამოსასწორებლად 5 დღიანი ვადა მისცა შპს „ფორმულას,“ რომელმაც მაუწყებლობის ავტორიზაცია 13 აგვისტოს ითხოვა.
"ფორმულა," რომელიც ახალი ტელეკომპანიის შექმნას გეგმავს, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას ტელეარხის დაფინანსების მიზნით.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, „ფორმულას“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ შეიცავს მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრულ, სავალდებულო ინფორმაციას.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, მითითებული არ არის სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება, ხარვეზით არის წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას. გეგმაში მითითებულია მხოლოდ შემოსავალი, რომლის მიღების მოლოდინი კომპანიას მაუწყებლობის დაწყების შემდეგ აქვს.
„ამას გარდა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების ხარჯები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმებზე მაუწყებლობის დაწყების თარიღები. ასევე, არ არის მითითებული რა სახსრებით გეგმავს კომპანია აღნიშნული ხარჯების დაფარვას.კომისიისთვის ასევე არ არის მოწოდებული მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს „სტერეო+“-თან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი, ან ხელშეკრულება. კიდევ ერთი ხარვეზი საწესდებო კაპიტალსა და მისი განაღდების ნაწილს ეხება. გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, ისევე, როგორც ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ“ - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებში.
მისივე ცნობით, დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციას მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში მიანიჭებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 5 სამუშაო დღეში დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხდება, კომპანიას კვლავ აქვს შესაძლებლობა ავტორიზაციის მისაღებად კომისიას განმეორებით, უხარვეზო განაცხადით მიმართოს.