სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით "რუსთავი 2"-ის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა "კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ", რაც მისი სიტყვებით შედეგია ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული ქმედებებისა. პაატა სალიას განცხადებით კომპანიაში განხორცილებული აუდიტორული დასკვნის შემდეგ ისინი სასამართლოს მიმართავენ ნიკა გვარამიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით.
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 6 დღით ადრე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს დადებული აქვს ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში არის გაქვითული "რუსთავი 2"-ის კუთვნილი მთელი საარქივო მასალა, "კურიერის" ყველა სიუჟეტი, მოყოლებული 1994 წლიდან 2019 წლამდე, დღეს ეს არ არის მხოლოდ "რუსთავი 2"-ის საკუთრება, ამაზე უფლება აქვს სხვა კომპანიასაც, საუბარია "ინტერმედიაზე”,- განაცხადა პაატა სალიამ.
მისი სიტყვებით, საინტერესოა რატომ დადო ამგვარი ხელშეკრულება კომპანიის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, როდესაც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს. პაატა სალია ვარაუდობს, რომ ამ ქმედებაში ნიკა გვარამიას ინტერესები იკვეთება.
ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ს ყიდის.
18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა"). რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა.