საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალებების დაყოფის რთულსა და არასწორ გზას დაუჭირა მხარი; რთული იქნება ნივთიერებათა დაყოფა სწრაფი შეჩვევისა და აგრესიული ქცევის გამოწვევის ნიშნით, - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს 2 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ.
მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ამავე სასამართლოს მიერ მიღებულ წინა გადაწყვეტილებასაც - მარიხუანასთან დაკავშირებით.
„ასეთი გაყოფა, სპეციალისტებს შეგიძლიათ დაეკითხოთ, ძალიან რთული იქნება, მათ შორის, ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში იმიტომ, რომ მარიხუანა, კანაფი ასევე გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში, რეგულარული მოხმარებისას ასევე იწვევს აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს.
ასე რომ, ასეთი პრინციპით გაყოფა იქნება რთული, ჩემი აზრით - არასწორი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სწორედ არსი იმის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენო, პატიმრობის ნაცვლად ზრუნვა გამოიყენო, არის სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ნარკოდამოკიდებულები არიან, ანუ სწრაფ მიჩვევას, რომელი ნარკოტიკიც იწვევს, სწორედ იმ შემთხვევაშია საზოგადოების ჯანდაცვის კუთხით გამართლებული, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობისა და პრევენციის მეშვეობით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ.
ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა“, - ამბობს აკაკი ზოიძე.
2 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად ცნო ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კრიმინალიზება, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას და რომელთა კრიმინალიზება არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა გიორგი გოცირიძემ, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება მარიხუანას არ ეხება, რადგან მასზე პატიმრობა ისედაც არ ვრცელდება.
სახალხო დამცველის აპარატში ჯერ ისევ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს 2 აგვისტოს გადაწყვეტილების ძირეული შესწავლა. როგორც რადიო თავისუფლებას ომბუდსმენის პრესსამსახურში უთხრეს, კონკრეტულ საკითხებზე საუბარი შესაძლებელი იქნება ორშაბათს.
ამ ეტაპზე ძირითადი ვარაუდია ის, რომ პარლამენტს მოუწევს შეიმუშაოს იმ ნარკოტიკულ საშუალებათა მკაფიო ჩამონათვალი, რომლებიც არ იწვევენ მიჩვევასა და აგრესიას.