საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე არაკონსტიტუციურად ცნო ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების კრიმინალიზება, რომლებიც არ იწვევენ სწრაფ მიჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას და რომლის კრიმინალიზება არ ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
2 აგვისტოს გამოტანილი გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე გამოყო ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და პირის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების თუნდაც ერთჯერადი მოხმარება, ისევე როგორც აშკარად პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა და შენახვა შეიცავს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული რისკების პრევენციისა მიზნით, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
ჯერჯერობით საკონსტიტუციო სასამართლოს სრული გადაწყვეტილება არ გამოუქვეყნებია. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა გიორგი გოცირიძემ, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება მარიხუანას არ ეხება, რადგან მასზე პატიმრობა ისედაც არ ვრცელდება.
გოცირიძის ვარაუდით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტს მოუწევს შეიმუშაოს იმ ნარკოტიკული საშუალებების მკაფიო ჩამონათვალი, რომლებიც არ იწვევს მიჩვევასა და აგრესიას.
სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი ეხებოდა ყველა ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.