Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს მკვლევარი, რომელმაც „ბეგი“ დააძინა


20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე შსს-ს მიერ დღეს დაკავებული 5 პირიდან, ერთ-ერთი მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძეა. ბეჟან ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დრო, ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოთი „ბეგი“ დააძინა.

შსს-ს ცნობით, 1975 წელს დაბადებული ბ. ლ. „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას“

ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავებას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ნაცნობები ეხმაურებიან.

"ძალიან ცუდი სუნი სდის ამ დაკავებებს", - წერს ფეიბუკის პირად გვერდზე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, ეკოლოგი, ნუგზარ ზაზანაშვილი

ბეჟან ლორთქიფანიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ნაკრესიც, რომლიც გამგეობის წევრიც არის ბეჭან ლორთქიფანიძე.

"შეუძლებელია ბეჟანი ციხეში იყოს და „ნაკრესმა“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა მის გასათავისუფლებლად მივმართოთ" - წერია განცხადებაში.

შსს-ის ინფორაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ 4 პირი.

შსს-ი ცნობით "გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ დაკავებულები არიან:

1996 წელს დაბადებული გ. ჯ., რომელმაც სამართალდამცველებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა მათ პოლიციელისთვის წართმეულ ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

1990 წელს დაბადებული თ. დ., რომელიც ფიზიკურად უპირისპირდებოდა და თავს ესხმოდა სამართალდამცველებს. მან ძალის გამოყენებით ერთ-ერთი სამართალდამცველი გაათრია ხალხის მასაში.

1972 წელს დაბადებული ი. მ. რომელიც ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

და 1975 წელს დაბადებული ბ. ლ. რომელიც ასევე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას "- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციამ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათგან ორმა ახალგაზრდამ, რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო დაკარგა თვალი.

XS
SM
MD
LG