Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის პარტია პარლამენტში უმრავლესობით შედის


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ბიულეტენების 93,29%-ის დათვლის შედეგად, დამაჯერებლად იმარჯვებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია. წინასწარი შედეგებით, „ხალხის მსახურს“ პროპორციული წესით ხმა მისცა ამომრჩეველთა 43,14%-მა, რაც უდრის 124 მანდატს. ამას ემატება მაჟორიტარულ ოლქებში მოპოვებული 129 მანდატი.

უკვე ამ შედეგით, ჯამში უკრაინის პრეზიდენტის პარტიას მომავალ პარლამენტში ეყოლება 450-დან 253 დეპუტატი. ეს პირველი შემთხვევაა უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ერთ პარტიას ეყოლება აბსოლუტური უმრავლესობა და დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას.

წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილს იკავებს პრორუსული პარტია „სიცოცხლისათვის“, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 13,05% ერგო და პარლამენტში - ვერხოვნა რადაში ეყოლება 44 წარმომადგენელი. მესამე ადგილისთვის იბრძვიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა" - 8,18% და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „ევროპული გზა“ - 8,13%.

ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და საკანონმდებლო ორგანოში 20 მანდატს უმიზნებს ცნობილი უკრაინელი როკ-ვარსკვლავის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია, „გოლოსი."

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და აღმოსავლეთ უკრაინის იმ რაიონებისა, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG