„თუ ოქრუაშვილი ცდილობს, რომ გამრიოს ამ საქმეში, ეს იქნება მორიგი „საამაყო“ ფურცელი მის ისტორიაში“, - ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დასამყარებლად, მას მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დაეხმარა.
დავით უსუფაშვილი იხსენებს 2014 წლის მოვლენებს, როდესაც ოქრუაშვილსა და ღარიბაშვილ-ივანიშვილს შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულა.
„მე გეტყვით ფაქტს, რასაც ჰქონდა ადგილი 2014 წელს და თავად განსაჯეთ რამდენად შეესაბამება ოქრუაშვილის საუბრები ამ ყველაფერს. მე ოქრუაშვილი თავისი სურვილით დამიკავშირდა 2014 წელს. მთხოვა შეხვედრა და შეხვედრაზე მთხოვა გადამეცა ღარიბაშვილისთვის და ივანიშვილისთვის, რომ მას ჰქონდა მზაობა, პირველი: მიეცა მნიშვნელოვანი ჩვენებები გახმაურებულ სასამართლო საქმეებზე და მეორე: მას ჰქონდა სურვილი ეთანამშრომლა პოლიტიკურად „ოცნებასთან“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან. მე ეს კონკრეტული, ოქრუაშვილს მზაობა გადავეცი და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, რომ შოთაძესთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა სისხლის სამართლის საქმეებსა და ჩვენებებზე და დანარჩენზე მერე ისაუბრებდნენ. ეს იყო და ეს. ყოველგვარი დეტალებისა და სისხლის სამართლის საქმეებისა და მისი ჩვენებების განხილვების გარეშე. მე შევასრულე ეს კონკრეტული როლი. მას შემდეგ რა ურთიერთობები ჰქონდა ოქრუაშვილს შოთაძესთან და რა ჩვენებები მისცა და ახლა რატომაა ეს ჩვენება არასწორი და მაშინ რატომ იყო სწორი და ა.შ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ერთს კი ვიტყვი, რომ ოქრუაშვილის მხრიდან მსგავსი მანევრები ახალი არ არის. მე დილით დამირეკა და მკითხა წინააღმდეგი ხომ არ ვიყავი ჩვენი შეხვედრის ფაქტის გახმაურების?! მე ვუთხარი, რომ მას საიდუმლოდ არ შევხვედრილვარ და არც არანაირი პრობლემა მქონდა შეხვედრის ფაქტის გასაჯაროების, მაგრამ თუ ახლა ის ცდილობს, მე რაიმეთი გამრიოს ან ჩემი სახელი გამოიყენოს იმისთვის, რომ თითქოს მე ვიყავი რაიმე ყალბი ჩვენებების მიცემის თაობაზე მოლაპარაკებების მონაწილე?! - ეს არის სრული სიცრუე და ეს იქნება მორიგი საამაყო ფურცელი ოქრუაშვილის ისტორიაში“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დავალებით, 2014 წელს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება, რის სანაცვლოდაც გორის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის შორის მოლაპარაკებების შუამავალი დავით უსუფაშვილი იყო.