სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში უნდა დარეგისტრირდეს, - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ იუსტიციის სახლში ოფიციალური განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
„წარვადგინე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად იუსტიციის სახლში და ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას - აღარ არსებობს უკვე არანაირი დაბრკოლება იმისათვის, რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ანუ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ“, - განაცხადა პაატა სალიამ.
მისი განმარტებით, იუსტიციის სახლმა შესაძლოა დღესვე დაარეგისტრიროს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ბიზნესმენ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.
„დღესვე შეიძლება დარეგისტრირდეს ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ქიბარ ხალვაშმა როგორც კომპანიის ახალმა მესაკუთრემ. შესაბამის გადაწყვეტილებებს ის მიიღებს. მან დააანონსა, რომ დირექტორის პოზიციაზე მომიაზრებს მე... მე გითხარით როგორ ესახება ამ ნაწილში ჩემი მოქმედებები... დანარჩენს გამოაჩენს დრო და ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულება ექნებათ ჟურნალისტებს და არხის დღევანდელ მენეჯმენტს - ამაზე ცოტა ადრეა საუბარი“, - განაცხადა სალიამ.
18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.
საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.