ხაშურის საკრებულოს წევრს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ალექსანდრე სიმონიშვილს პარტიის რიგები დაატოვებინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს. ჟურნალისტი ასევე სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს.
თავის ფეისბუკპოსტში ინგა გრიგოლია აქვეყნებს ასევე ირმა ინაშვილის კომენტარს, საიდანაც ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რიგებს სიმონიშვილს ოფიციალურად პარასკევს დაატოვებინებენ:
“ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება - ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკევს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ“.
15 ივლისს ალექსანდრე სიმონიშვილს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონი გამორთული აქვს. რადიო თავისუფლებას მეტი ინფორმაცია არც „პატრიოტთა ალიანსში“ მიაწოდეს. პარტიაში დაგვიდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრე სიმონიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი პარასკევს, 19 ივლისს გადაწყდება, პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში.