„გახარია, წადი!“ - რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განახლდა ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“.
"მიუხედავად იმისა, რომ პრორუსულმა ხელისუფლებამ გუშინ მთელი თავისი რესურსი გამოიყენა ჩვენი პროტესტის დისკრედიტაციისა და ჩაშლისთვის, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საკუთარი უფლებებისთვის მშვიდობიან ბრძოლას მოაქვს შედეგი!
რამდენი ავტობუსიც არ უნდა გვყოფდეს საკუთარი მოქალაქეებისგან, ჩვენ არაფერი გვაქვს მათთან გასაყოფი. ერთადერთ დაბრკოლებას ჩვენსა და მათ შორის ქმნის ხელისუფლებისვე მიერ მართული რამდენიმე პროვოკატორის არაკონსტიტუციური მოწოდებები.
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია!"
ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების მიერ ერთი დღით წართმეული ტერიტორია, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა 9 ივლისს, დილით დაიბრუნეს და აქციების მეოცე დღეს, ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს კვლავ პარლამენტის წინ მოწყობილი სცენიდან მიმართეს.
რაც შეეხება აქციების მეცხრამეტე დღეს, იძულებით დათმობილი ტერიტორიის მიუხედავად, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე მაინც შეიკრიბნენ და კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, ავტომობილის საბარგულზე მოაწყვეს სახელდახელო სცენა.
19-დღიან ციკლში, 8 ივლისი იყო ერთადერთი დღე, როდესაც ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ღამე გაათენეს.
ღამე გაათენეს რუსთაველის გამზირზე ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების წევრებმაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოკუპაცია მათთვისაც მიუღებელია, თუმცა, ამასთანავე მიუღებელია ის ღირებულებები, რომლებსაც ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები ატარებენ, მათ შორის ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვა.
8-9 ივლისის ღამეს, ორ აქციას შუაზე ყოფდა პოლიციის რამდენიმე ფენიანი კორდონი და ყვითელი ავტობუსები.
ანტისაოკუპაციო აქციების მეოცე დღეს დემონსტრანტთა მთავარ და ერთადერთ მოთხოვნად კვლავ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა რჩება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 20-21 ივნისის ღამეს დემონსტრანტები გიორგი გახარიას ბრძანებით დაშალეს, რა დროსაც 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ კი თვალი დაკარგა.
აქციები პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.