Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს


ნიკა მელია
ნიკა მელია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ ბრალდების მხარის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის თავისუფლების აღკვეთის ზომად გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა მელიას გადაადგილება ელექტრონული სამაჯურით მოუწევს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლის ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ნიკა მელიასთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა.

ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა გაასაჩივრა. მან სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას მიერ საცხოვრებელი ადგილის სამართალდამცავი ორგანოს თანხმობის გარეშე დატოვების აკრძალვისა და სამომავლოდ შესაძლო მოწმის სტატუსის მქონე პირთან კომუნიკაციის აკრძალვის, გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ არც დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

XS
SM
MD
LG