რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციების წვიმიანი მეცხრე დღე დასრულდა.
მეცხრე დღის ბოლოს, კვლავაც უცვლელია დემონსტრანტების ერთადერთი მოთხოვნა - გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია.
29 ივნისს, პროტესტის მეათე დღეს, დემონსტრანტები მსვლელობას გეგმავენ რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისაკენ.
„თავისუფლების მარში“ - ასე ჰქვია 29 ივნისს დაგეგმილ მსვლელობას, რომლის მთავარი გზავნილებია:
- „გიორგი გახარიამ რუსი კომუნისტი დეპუტატი, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი - სერგეი გავრილოვი საქართველოში შემოუშვა
- მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კი, ვინც ეს ფაქტი გააპროტესტა, მან ძალის გამოყენების ბრძანება გასცა
- პოლიციამ, მინისტრის ბრძანებით, გამოიყენა არასათანადო ძალა და ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები მშვიდობიან დემონსტრანტებს დაუშინა!
- “გავრილოვის ღამეს” ჰყავს დაზარალებული, დასახიჩრებული და დამცირებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომელთა ნაწილსაც სახლამდე სდიეს, სკვერებში ჩაუსაფრდნენ, სახეში აფურთხეს, თვალები დასთხარეს... ერთი ადამიანი ამ დრომდე რჩება მართვით სუნთქვაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
- ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს და დაუყოვნებლივ გადააყენოს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც თავადვე აღიარებს, რომ პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება“.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.
21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა დაშავებულმა თვალი დაკარგა. ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.