ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თემურ გოგოხიამ, აღმკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
უწყება მას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ 26 ივნისს მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.