Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს


ყაზბეგში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი აღარ ჩატარდება. ახალი ადგილი მოგვიანებით გაირკვევა.

„ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით. გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი” - ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორის, Mountain Set-ის მიერ დღეს, 25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დიდი ზარალის მიუხედავად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს.

„ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ. ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო. სამწუხაროდ, აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია. ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას” - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესტივალის ახალ ადგილს საღამოს გამოაცხადებენ. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 28 ივნისს უნდა გაიხსნას.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" აცნობა, რომ ფესტივალის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

„მოსახლეობის მხრიდან პროტესტი გამოითქვა და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მოსახლეობა ფესტივალის ჩატარების თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა ამას ჰქონდა წინაპირობები. სოციალურ ქსელებში რაღაც ჯგუფისგან შერაცხმყოფელი პოსტები ვრცელდებოდა მოსახლეობის მისამართით, რამაც პროვოცირება მოახდინა” - განაცხადა ზაგაშვილმა.

XS
SM
MD
LG