Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში დროებითი საშვის მქონე პირებს არ უშვებენ


პარლამენტში დროებითი საშვის მქონე პირების შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა. 15:00 საათიდან საკანონმდებლო ორგანოში შესვალზე უარი უთხრეს რამდენიმე პირს, რომელთა სახელზეც პარლამენტის საშვთა ბიუროს მიერ დროებითი საშვი იყო გაცემული. მათ შორის პარლამენტში არ შეუშვეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის თანაშემწე.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თანაშემწე პარლამენტში არ შეუშვეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:16 0:00

პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ შეზღუდვები მხოლოდ დროებითი საშვის მქონე ჟურნალისტებს შეეხება და არა მათ, ვინც საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტაციით მუშაობენ.

პრესსამსახურის განცხადებით შეზღუდვები შესვლაზე არის უსაფრთხოების სამსახურის დროებითი გადაწყვეტილება და ამ საკითხზე რაიმე ბრძანება არ გამოცემულა.

პარლამენტში ჟურნალისტების შესვლა და გადაადგილება ბოლო დღეების განმავლობაში შეზღუდული იყო, თუმცა როგორც პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი აცხადებს, მედიისთვის გაცემული აკრედიტაციები არ გაუქმებულა.

„აქციის მიმდინარეობის პერიოდში გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა, როცა პარლამენტის შენობაში არ იყო არც ერთი ღონისძიება დაგეგმილი და არც დეპუტატები არ იმყოფებოდნენ. ახლა პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, სასესიო კვირა დაიწყო, დღეს დაგეგმილია ბიუროს სხდომა და პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებიც შეუფერხებლად გადაადგილდებიან შენობის მთელ ტერიტორიაზე“, - უთხრა მიშა ფეიქრიშვილმა რადიო თავისუფლებას.

პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG