Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმა პენტაგონს დაავალა, პასუხი გასცეს არქტიკაში რუსეთის სამხედრო ყოფნას


რუსეთის სამხედრო ბაზა არქტიკაში
რუსეთის სამხედრო ბაზა არქტიკაში

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის შეიარაღების საკითხების კომიტეტმა პენტაგონს დაავალა გამოძებნოს ადგილები არქტიკაში ერთი ან რამდენიმე ახალი სტრატეგიული პორტის მშენებლობისთვის. ეს ნაბიჯი, აცხადებენ სენატორები, პასუხი იქნება რეგიონში რუსეთის მზარდ სამხედრო ყოფნაზე.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის სააგენტომ 90 დღეში უნდა წარმოადგინონ ერთობლივი ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ, იტყობინება გამოცემა Defense News-ი. სენატორები, სხვათა შორის, ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის ბაზა „სევერნი კლევერის“ აღდგენაზე. ბაზა მდებარეობს კუნძულ კოტელნიზე, ნოვოსიბირსკის არქიპელაგში. ის აღჭურვილია რადიოსალოკაციო სადგურებით და გემსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით.

ყინულის დნობა ახალ პოტენციურ სავაჭრო გზებს ხსნის ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და ამასთან დაკავშირებით კონგრესში მიუთითებენ რუსეთისგან აშშ-ის ძლიერ ჩამორჩენაზე ყინულმჭრელთა, მათ შორის, ატომურ საწვავზე მომუშავე გემების პარკის რაოდენობაში. ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა 750 მილიონი დოლარი გამოყო ექვსი თანამედროვე მცირეგაბარიტიანი ყინულმჭრელის შესაქმნელად.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არქტიკაში ამერიკის ნომინალური სამხედრო ყოფნაც კი რუსეთს აიძულებს არაპროპორციულად მეტი რესურსი დახარჯოს ამის საპირწონედ - რესურსები, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში შეიარაღების გაძლიერებას შეიძლება მოხმარდეს.

შარშან ნორვეგიის ზღვაში ნატოს ფართომასშტაბიანი სწავლების, „ერთობლივი სამკაპის“ ფარგლებში აშშ-მა განათავსა ავიამზიდ „ჰარი ტრუმენის“ შენაერთი, რომელიც არქტიკის ზონაში სამხედრო შენაერთების მომარაგებას ამუშავებდა.

XS
SM
MD
LG