Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და სამართალდამცავებს რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს მიმდინარე აქციაზე გაწეული სამუშაოსთვის.

პრეზიდენტის თქმით, ვითარება გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამაცავები აიძულა მიემართათ მკაცრი ზომებისთვის.

„მათ ევალებათ სახელმწიფოს დაცვა საფრთხისგან, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რამდენიმე წუთში ვინახულებ საავადმყოფოებში. საჭიროა თითოეული შემთხვევის მიუკერძოებელი გამოძიება და კანონის ჩარჩოებში რეაგირება,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სირტყვებით, გულისტკივილის გამოხატვა არ არის საკმარისი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

„ერთი მხრივ, ხელისუფლება და, კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე, - და უკვე ვნახეთ, რომ მან არ მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას.

ეს პირობა გუშინწინ და გუშინ დაირღვა, რის შედეგადაც მივიღეთ მართლმადიდებლური ასამბლეის გაუმართლებელი მოწვევა, სრულიად მიუღებელი ფორმატი და რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე.

მომხდარმა უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და გამოიწვია მთელი ერის პროტესტი.

არ არის გამორიცხული, რომ ამ მოვლენების განვითარებაში გარკვეული პროვოკაციების ნიშნები იყოს, მაგრამ ეს ვერ იქნება პასუხისმგებლობის შემცირების მიზეზი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პასუხისმგებლობის აღებაში იგულისხმება მოვლენათა მთელ ჯაჭვზე განმარტების გაკეთება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. მას აქვს მოლოდინი,რომ ხელისუფლება ამ ტრაგედიას სწორად შეაფასებს და ყველაფერს პასუხი გაეცემა.

სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად მიიჩნევს დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა.

„ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა -გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.

მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს“.

20-21 ივნისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად სულ მცირე 240 ადამიანის, მათ შორის 80-მდე პოლიციელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ორმა დემონსტრანტმა რეზინის ტყვიის თვალში მოხვედრის გამო თვალი დაკარგა.

პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა 10-ობით ჟურნალისტი.

არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და დემონსტრანტები პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენებაზე საუბრობდნენ.

20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.

დღის განმავლობაში ცალკეული აქციების შემდეგ, საღამოს 7 საათიდან საქართველოს პარლამენტთან დაიწყო ხალხმრავალი აქცია, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და მოთხოვნების შესრულებას იქ დალოდებოდნენ. პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

პარლამენტში ძალით შესვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს ესროდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლებამ ჯერ მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა, თითქმის მაშინვე დაიწყო ძალის გამოყენებაც

XS
SM
MD
LG