Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების აქცია შსს-სთან - „ნუ გვესვრით“


შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლების აქცია გამართა სახელწოდებით „ნუ მესვრი“. ისინი სასტვენებით და ტრანსფარანტებით ხელში აპროტესტებდნენ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის გაშუქების დროს.

მედიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავრობისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების სახელზე მიმართვა გაავრცელეს და მიმართვაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მიმართვის ტექსტი ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა წაიკითხა:

„21 ივნისს თბილისში რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი თქმით, სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ“.

მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ იმ სამართალდამცავთა პასუხისგებაში მიცემას, ვინც ამოსაცნობი ნიშნების უგულვებელყოფით დამიზნებით ესროდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

აქციაზე მედიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალეს იმ 33 ჟურნალისტის სახელი და გვარი, რომლებმაც აქციის გაშუქებისას სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

მედიის წარმომადგენლები მიმართავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მყისიერი რეაგირება მოახდინონ სამართალდამცავთა ქმედებაზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის თქმით, თითოეული სამართალდამცავი რომელმაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა უნდა დაისაჯოს ადეკვატურად.

„ჩვენ მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ დაგვეხმარონ, მოახდინონ ზეწოლა მთავრობაზე, რომ ეს საქმეები იყოს გამოძიებული “

XS
SM
MD
LG