Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას სიმშვიდისკენ, სახელმწიფოს წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს


სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინ 20 ივნისის საღამოს დაწყებული მასობრივ საპროტესტო აქციას, რომლის საბაბი რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა გახდა, სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით გამოეხმაურა.

„ძალიან დიდი დანაშაული იყო რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი. თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე ღია აგრესია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი. ახლა გადახედეთ და ნახეთ ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.


და ბოლოს სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!


დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტების პარლამენტში შეჭრის მცდელობის შემდეგ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ორივე მხრიდან დაშავდა ათობით ადამიანი

XS
SM
MD
LG