ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმს, თამარ ალადაშვილს, პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებაში წერია, რომ ექიმმა სამსახურებრივი მოვალობის შესრულების დროს გამოიჩინა პაციენტის მიმართ გულგრილობა და დაუდევრობა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რამაც ადამიანის სიცოვხლის მისპობა გამოიწვია.
ექიმის ადვოკატის, დავიდ დადიანის, თქმით, ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს.
შსს-მ ექიმი 18 ივნისს დააკავა, რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში.
რუსთავში ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი, გოგიტა ირემაძე, 10 თებერვალს სასიკვდილოდ დაჭრა. შსს -ს განცხადებით, 9 თებერვალს, მკვლელობამდე, ირემაძემ და მისმა ნათესავებმა სამედიცინო დახმარებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს მიმართეს. მათ ექიმ თამარ ალადაშვილს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ირემაძემ სამედიცინო დაწესებულება დატოვა, მეორე დღეს კი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ძმისშვილს.
შს სამინისტროს განცხადებით, ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად, ირემაძეს ფსიქიკური აშლილობა - ეპილეფსიური ფსიქოზი - დაუდგინდა და არსებობდა რისკი, რომ მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ისე სხვებისთვის.
ადვოკატ დავით დადიანი თქმით, უცნაურია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დადანაშაულება, მაშინ როცა პაციენტი ჯერ კლინიკა " რუსთავში" მიიყვანეს, შემდეგ კი ნარკოლოგიურ დისპანსერში.
"ბრალდებული ამბობს, რომ ახლობლებს პაციენტის გასინჯვა არ უთხოვიათ, ზოგადი კითხვებით მიმართეს, თუ რა პროცედურები იყო საჭირო ავადმყოფის გასასინჯად და როგორ ხდებოდა პაციენტების სტაციონარში მოთავსება", უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.
დავით დადიანის განცხადებით, 20 ივნისს გაიმართება სასამართლო პროცესი ბრალდებულის თავისუფლების წინასწარი აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. ექიმი და დაცვის მხარე სასამართლოს საკუთარ არგუმენტებს წარუდგენენ.