თბილისი პრაიდის კვირეული ფარგლებში დაანონსებული ღირსების მარში გაიმართება.
განცხადებას, გადაწყვეტილების შესახებ თბილისი პრაიდის ორგანიზატორების არვცელებენ:
"მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას. საჯარო მსვლელობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.
ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეშია არა მარტო ლგბტქი ადამიანები და მათი უფლებები, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.
ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!",- ნათქვამია განცხადებაში.
ლგბტ+ აქტივისტებმა თბილისი პრაიდი 19 თებერვალს დააანონსეს. პრაიდის კვირეულის ფარგლებში, 18-23 ივნისს, თეატრალური წარმოდგენის, საერთაშორისო კონფერენციისა და ღირსების მარშის გამართვაა დაგეგმილი.
ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-ნაციონალისტურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ მოძრაობებმა არაერთხელ, საჯაროდ განაცხადეს, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ღირსების მარშის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ და თბილისში ყველა ცენტრალურ ქუჩას დაიკავებდნენ.
31 მაისს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე - კლუბი ან სტადიონი - შესთავაზა. აქტივისტების თქმით, უსაფრთხოების ზომებსა და გეგმებზე საუბრის ნაცვლად შსს-ს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების დაცვა შეუძლებელი იქნებოდა.
პრაიდის ჩატარების მოწინააღმდეგეთა ხმამაღალი განცხადებების ფონზე იყო საერთაშორისო გამოხმაურებებიც. თბილისი პრაიდის შესახებ იმსჯელეს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში. შოტლანდიელმა დეპუტატმა მარტინ დოჰერტი-ჰიუჯმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და რუსულ ანტი-ლგბტ პოლიტიკის გავლენებზე ისაუბრა. საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე და "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის პოსტი გააზიარა, რომლის თანახმად შსს-ს შეუძლებლად მიიჩნია თბილისი პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა.14 ივნისს, ოფიციალური განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას არ დაეშვა თბილისი პრაიდი. საპატრიარქოს პოზიციის გასაპროტესტებლად ლგბტ აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია დაგეგმეს, თუმცა მათ იქ მისვლა ჰომოფობმა ჯგუფებმა და მღვდლებმა დაასწრეს. დაახლოებით 6 საათის განმავლობაში პოლიციის კორდონი ყოფდა აქტივისტებსა და ანტი-ლგბტ დემონსტრანტებს. აგრესიული ადამიანები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც ლგბტ აქტივისტებს, ისე ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს. დააკავეს 28 ადამიანი, ყველა მათგანი პრაიდის მოწინააღმდეგეთა რიგებიდან იყო.
ამის შემდეგ, ვერის პარკში “ნამდვილი მამაკაცების” შეკრებაზე თეთრ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელსაც ხელში ჯვარი ეჭირა, სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა. მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ეს გეგმა მან თბილისი პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად წარმოადგინა. ამაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.
საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება დაცულია. პრემიერ მინისტრისთვის მთავარი გამოწვევები ოკუპაცია და სიღარიბეა, ხოლო ლგბტ+ ადამიანების პრობლემები ხელოვნურად თავმოხვეული.
“მე ვფიქრობ, ეს საკითხი ხელოვნურად მოხვეულია ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი”, - თქვა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ.
“მე არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან” - თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
“ორივე მხრიდან ხდება მანიპულირება” დეპუტატ თამარ ხულორდავას აზრით, რასაც, მისივე თქმით, ეწირება ჩვენი უკეთესი მომავალი და განვითარება. “იქნებ ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ამ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით”, - თქვა დეპუტატმა თამარ ხულორდავამ.