Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტი აქვეყნებს ანგარიშს საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის შესახებ


საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის (სოგის) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის თაობაზე.

ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი საქართველოში გასული წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში იმყოფებოდა და ვიზიტის დროს შეხვდა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მან რამდენიმე შეხვედრა გამართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებთან და მოისმინა ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ.

ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ლგბტქი ადამიანთან მიმართ ოჯახის წევრთა მხრიდან ჩადენილ ძალადობის შემთხვევებზე საუბრისას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ, ყველაზე უფრო მოწყვლადნი არიან ფემინური გეი კაცები, ტრანსი ადამიანები და მასკულინური ლესბოსელი ქალები.

ანგარიშში მიმოხილულია ის ბარიერები, რომლის გამოც ძალადობის მსხვერპლი ლგბტქი თემის წევრები თავს იკავებენ პოლიციისთვის მიმართვისგან:

„მსხვერპლების განცხადებით, მათ არ სურთ ინციდენტების თაობაზე მიმართონ პოლიციას - რაც მართლმსაჯულების პირველი რგოლია. მიზეზად მიუთითებენ: თემთან დაკავშირებით არსებულ სტიგმას და საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის არანებაყოფლობითი გამჟღავნების შიშს; ძალოვანი უწყებების მიმართ ნდობის არქონას და პოლიციელთა მხრიდან ჰომოფობიური ქცევისა და დამოკიდებულებების გამოვლენას; მიზეზებს შორის არის სირცხვილის გრძნობაც, რაც ინტერნალიზებული ფობიითაა გამოწვეული. სამართლებრივი შედეგების მიღწევის ნაკლებობა, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის და მისი აღსრულების მექანიზმების შესახებ დაბალი ცნობიერება, ისევე, როგორც მართლმსაჯულებაზე მწირი ხელმისაწვდომობა, განაპირობებს სურვილის არქონას, რომ დანაშაულის შესახებ განაცხადონ“.

ანგარიშში გაანალიზებულია ის დაბრკოლებები, რომლებიც ტრანს ადამიანებს ექმნებათ გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობის პირობებში. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებებისთვის არსებულმა მოთხოვნები (მათ შორის სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაცია) არ არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დისკრიმინაციულ მოპყრობას.

ექსპერტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ყურადღება გაამახვილოს იმ სისტემურ ფაქტორებზე, რომლებიც ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს ადამიანებს უფლებას ართმევს ჰქონდეთ თავისუფალი და თანასწორი საცხოვრებელი გარემო საქართველოში. ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი, საქართველოს ხელისუფლებას მიუთითებს:

  • შეისწავლოს და შეაფასოს ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა მათი ჯანმრთელობის, განათლების, ეკონომიკური კეთილდღეობის, პერსონალური უსაფრთხოებისა და ძალადობისგან დაცვის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების რეალიზების თვალსაზრისით და ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაში მოახდინოს ძირითადი გამოწვევების ასახვა.
  • უზრუნველყოს ადამიანის თვითგამორკვევაზე დაფუძნებული გენდერის სამართლებრივი აღიარების ადმინისტრაციული მექანიზმის შექმნა, უფლებაშემლახავი მოთხოვნების გაუქმება და არაბინარული იდენტობის აღიარება როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი მოქალაქეებისთვის.

XS
SM
MD
LG