Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმეტის საკრებულოს სხდომა მოქალაქეთა უკმაყოფილების გამო ჩაიშალა


სხდომა ახმეტის საკრებულოში
სხდომა ახმეტის საკრებულოში

ახმეტაში ჩაიშალა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. მიზეზი გახდა ხმაური, რომელიც გამოიწვია სხდომაზე სოფლების, ზემო და ქვემო ალვანის მცხოვრებთა მისვლამ. ისინი მოითხოვდნენ, რომ საკრებულოს განეხილა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე შექმნილი პრობლემა, რომლის გამოც დაკეტილია თუშეთთან დამაკავშირებელი გზა.

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნანა ყეინიშვილმა განაცხადა, რომ თუშეთის გზაზე არსებული სიტუაციის შესასწავლად და შესაფასებლად საგზაო დეპარტამენტი ადგილზე მუშაობს.

ეს პასუხი არადამაკმაყოფილებელი იყო სხდომაზე მისული მოქალაქეებისთვის, რომლებმაც გზის გახსნის კონკრეტული თარიღის დასახელება მოითხოვეს. გზის დაკეტვის გამო მესაქონლეებს მთაში ცხვარი ვეღარ მიჰყავთ, სასტუმრო ბიზნესით დაკავებული პირები კი ტურისტების მიღებას ვეღარ ახერხებენ და ყოველდღიურად ზარალდებიან.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად, 10 მაისს წარმოიქმნა ხელოვნური ტბა, რომელმაც წყლით დაფარა საავტომობილო გზის 600 მეტრამდე მონაკვეთი.

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო, თუმცა, ბოლო დღეების ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა გზის ეს მონაკვეთი ისევ დააზიანა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 5 ივნისს გავრცელებული განცხადების თანახმად, „უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და პრობლემების გადაჭრის გზებს დასახავენ“.

XS
SM
MD
LG