საუდის არაბეთის მეფემ, სალმანმა მექაში გამართულ არაბული ქვეყნების სამიტზე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს „ყველა საშუალება, რათა შეაჩეროს სხვა ქვეყნების საქმეებში ირანის რეჟიმი ჩარევა“.
მეფე სალმანმა 30 მაისს ირანს ბრალად დასდო "რეგიონული ტერორისტული ჯგუფებისთვის თავშესაფრის მიცემა და საერთაშორის საზღვაო გზებისთვის საფრთხის შექმნა“.
სამიტი მუსლიმთა წმინდა ქალაქში 30 მაისს დაიწყო და 31 მაისის დილამდე გაგრძელდა. მისი გამართვის მიზეზი იყო ერთი მხრივ ირანს და მეორე მხრივ აშშ-ს და მის არაბ მოკავშირეებს შორის დაძაბულობის ახალ სიმაღლემდე ზრდა, რასაც ახლავს მზარდი შეშფოთება შესაძლებელი სამხედრო კონფლიქტის გამო. სუნიტური საუდის არაბეთი, რომელსაც აშშ უმაგრებს ზურგს, უპირატესად შიიტური ირანის მთავარი მეტოქეა რეგიონში გავლენის ქონის მხრივ.
დაძაბულობა გაიზარდა საუდის არაბეთის ნავთობსაქაჩ სადგურზე და არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან სანავთობო ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ, რაშიც აშშ და ბევრი არაბული სახელმწიფო ირანს და მისი მომხრეებს ადანაშაულებენ. თეირანი უარყოფს ყოველგვარ კავშირს ამ თავდასხმებთან.
სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსა და არაბთა ლიგის იმ წევრების საბოლოო კომუნიკეები, რომლებიც ესწრებოდნენ სამიტს, მხარს უჭერენ საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების უფლებას, დაიცვან თავიანთი ინტერესები თავდასხმის შემთხვევაში.
თუმცა, სამიტზე არაბულ სახელმწიფოებს შორის ერთსულოვნება არ ყოფილა. კომუნიკეს არ დაეთანხმა ერაყი. ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ბარჰამ სალიჰმა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს დასავლეთთან და ირანთან, განუცხადა არაბ ლიდერებს, რომ ირანის უსაფრთხოება და სტაბილურობა ყველა მაჰმადიანური და არაბული სახელმწიფოს ინტერესებშია.