სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 30 მაისს, საღამოს ექვს საათზე, ქუთაისის მერიასთან იკრიბებიან და ითხოვენ საკრებულო დატოვოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარემ ნანა კოსტავამ.
28 მაისს, ნანა კოსტავამ ფეისბუკის გვერდზე გააზიარა ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო და ნიშნის მოგებით მიმართა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"
16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნინოსხევის ჩანჩქერთან ექსკურსიის დროს დაიღუპა.
ნანა კოსტავამ, რომელიც საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრიცაა, მისი პოსტის ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ვიდეო-მინაწერი 30 მაისს წაშალა და ფეისბუქის გვერდზე განმარტება გააკეთა:
„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ“.
როგორც ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, თუკი საკრებულოს თავმჯდომარე გადაწყვეტს კომენტარის გაკეთებას ნანა კოსტავას პოსტის შესახებ, საკრებულო განცხადებას გაავრცელებს.