Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებში მესამე ადგილზე გასული ლევან იოსელიანი მხარს არც შალვა შავგულიძეს დაუჭერს


ლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი

თბილისის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი მხარს არ უჭერს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ არცერთ კანდიდატს.

29 მაისს გამართულ ბრიფინგზე ლევან იოსელიანმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ლადო კახაძის მხარდაჭერა არასდროს განუხილავთ, თუმცა, მხარს არც „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს დაუჭერენ.

"მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდით, დაგვეჭირა თუ არა მხარი შალვა შავგულიძისთვის. საკითხს მივუდექით პასუხისმგებლობით, როცა ვთქვით, რომ ეს უნდა ვკითხოთ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დამიჭირა. მთელი 10 დღის განმავლობაში სხვა არაფერი გამიკეთებია გარდა იმისა, რომ დავდიოდი ჩემს ამომრჩეველთან და ვეკითხებოდი აზრს, რას ფიქრობდნენ ისინი და როგორ მოვქცეულიყავით. ვადასტურებ ჩემს პიროვნულ პატივისცემას შალვა შავგულიძის მიმართ, თუმცა ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენთვისაც მიუღებელია მხარი დავუჭიროთ მას არჩევნების მეორე ტურის წინ ერთი მიზეზით - მან თავისი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა იმ გუნდს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია" - განაცხადა იოსელიანმა.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი 19 მაისის შუალედურ არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. მას ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 6,55%-მა. ლევან იოსელიანი თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ალეკო ელისაშვილთან ერთად „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელია.

პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლადო კახაძეს ხმა მისცა 41,01%-მა, ხოლო „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს 36,84%-მა.

XS
SM
MD
LG