ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის - „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 24 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე.
გიორგი ჭელიძე 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დააკავეს. 2 სექტემბერს მას პროკურატურამ ბრალად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღკვეთის ღონისძიების სახით გიორგი ჭელიძეს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა: 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნაგანკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა.
ვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლში ინახავდა.
„დახურულ სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა გ.ჭ.-ს მიერ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა“, - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.
გიორგი ჭელიძის სასამართლო პროცესი. 2018 წლის 17 ოქტომბერი: