Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმერეთში "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირია დაკავებული


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტელეკომპანია "რუსთავი2" - ის ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი - 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირების მონაწილეობა არ იკვეთება.

როგორც შსს-ში განმარტავენ, „სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს.“-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები ჯგუფურად ძალადობას და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლას შეეხება.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და ოპერატორი წყალტუბოს რაიონის სოფელ ზემო მესხეთში შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გოგოს შესახებ ისტორიაზე მუშაობდნენ.

"რუსთავი 2" -ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს გადამღებ ჯგუფს ინტერვიუს ჩაწერაზე უარი უთხრეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი გამორთული კამერით ტერიტორიას ტოვებდნენ და მანქანაში სხდებოდნენ.

XS
SM
MD
LG