დღეს, ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად გაუფასურდა სულ მცირე სამი თეთრით და 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. კომერციულ ბანკებში ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს აჭარბებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ამ დროისთვის მოქმედი კურსი 2.7470-ია. 22 მაისისთვის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5 საათისთვის დაადგენს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებით ხსნის. „ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორია“ - უთხრა ჟურნალისტებს ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, წელიწადზე მეტია საუბრობენ დედოლარიზაციის აუცილებლობაზე, რათა მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული ამერიკულ დოლარზე.
„მათ შორის პარლმენტშიც იყო ცხარე დებატები, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ კონკრეტული რეგულაციები უნდა დავაწესოთ. შეზღუდვები დავაწესეთ იპოთეკურ სესხებზე დოლარში და ეს ემსახურება იმას, რომ ამ ტიპის რყევების მიმართ, რომელიც აბსოლუტურად ყველგან ხდება და მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში, კიდევ უფრო მეტად გვქონდეს იმუნიტეტი,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, დოლარზე დამოკიდებულება წლიდან წლამდე შემცირდება, თუმცა სრულად ვერ გაქრება, რადგან ამერიკული დოლარი ძირითადი სარეზერვო ვალუტაა. მაჭავარიანის თქმით, მთავარია შერბილდეს "რყევების ეფექტი."
"მიუხედავად იმისა, რომ კურსი 2.80-ს მიუახლოვდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ის ნაწილი კი, ვისაც აქვს სესხი დოლარში და ვინც ყველაზე მეტად მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ"- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.