Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრა რულოვსი საპროტესტო ტალღის დაწყებას ზუგდიდიდან აპირებს


ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ საპროტესტო ტალღა დაიწყება ზუგდიდიდან, გადაედება მთელ საქართველოს და დასრულდება თბილისში, ბიძინა ივანიშვილის „შუშის სასახლესთან.“

"ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. უნდა დაგვანებოს თავი იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველანაირ ზღვარს გადასული. ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები" - განაცხადა რულოვსმა ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, საპროტესტო ტალღის ზუგდიდიდან დაწყება გადაწყვიტეს გუშინდელი ე.წ. არჩევნების შემდეგ, რომელიც რეალურად სპეცოპერაცია იყო.

მედიის შეკითხვას, როდის დაიწყება აქციები, სანდრა რულოვსმა უპასუხა, რომ საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია.

შეკითხვას, არის თუ არა ეს საერთო პოზიცია, რულოვსმა უპასუხა: "რა თქმა უნდა. მე ამ ბრძოლაში არა ვარ მარტო. აქ ძალიან ბევრი პარტიაა, ორგანიზაციაა, მეგობრები და ამ ბრძოლაში ვისაც უნდა შეგვიერთდება. ჩვენ გვყავს ერთი საქართველოს მტერი, ეს არის ივანიშვილი.“

სანდრა რულოვსის განცხადებითვე, ივანიშვილს ხალხის ძალას აჩვენებენ და ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას.

შეკითხვას, როგორ შეაფასებს ნიკა მელიას განცხადებას, რომლითაც ის ფაქტობრივად გაემიჯნა მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, სანდრა რულოვსმა უპასუხა, რომ არ უნახავს, რადგან ინტერვიუების მოსმენაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა.

„ყველას აქვს თავისი არჩევანი, ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ეს ქვეყანა“ - თქვა რულოვსმა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნებში სანდრა რულოვსი პირველივე ტურში დაამარცხა "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ.

მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებას ადასტურებს "სამართლიანი არჩევნების" მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგი.

XS
SM
MD
LG