საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე უბნებისთვის სამაგიდო სიების და კომისიის და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემით კანონი არ დაურღვევია, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომრემ მიიღო გადაწყვეტილება მათი უკან დაბრუნების შესახებ.
ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მიზეზი ასე განმარტა: „რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას თითქოს, საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აჭღურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.“
ანა მიქელაძის განცხადებით, ყოველგვარი დამატებითი ეჭვის და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, ცესკო ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების და რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის.
სპიკერის თქმით, ცესკო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალობას და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას და მზად არის ნებისმიერ დროს გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების შესახებ.
ამასთან, ცესკო მოუწოდებს "საარჩევნო სუბიექტებს და გარეშე პირებს, პატივსცემით მოეკიდონ არჩევნების პროცესს და ნუ შეეცდებიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ადმინისტრირების პროცესის შესახებ."