Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა მალხაზ მაჩალიკაშვილის მრავალსაათიანი დაკითხვა


მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, უწყების შენობა დატოვა.

მისი დაკითხვაზე დაბარება უკავშირდებოდა სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს - მორისს (ჰუსეინ) მისცა დავალება - შეესწავლა სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ტერიტორია სოფელ მაჩხაანში.

როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს დაკითხვის შემდეგ, 10 მაისს განუცხადა, მათ ყველა კითხვას უპასუხეს. მისივე ინფორმაციით, დღეს მაჩალიკაშვილმა მოისმინა აუდიო ჩანაწერიც, რომელიც სუს-მა გაავრცელა და „გარკვეული შენიშვნებიც გააკეთა“.

თავის მხრივ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვლავ არ გამორიცხვს მის დაკავებას და დასძინა, რომ არ აპირებს შეწყვიტოს საპროტესტო აქცია, რომელიც მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის მიზეზების გამოძიებისა და დამნაშავეების დასაჯის მიზნით წამოიწყო.

2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს. იმავე დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და დღემდე მტკიცედ უარყოფენ გარდაცვლილი თემირლანის მშობლები. მათი თქმით, სპეცრაზმელებმა მათ შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.

XS
SM
MD
LG