Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯთან სასაზღვრო პრობლემის გამო საპატრიარქოში მუსლიმ სასულიერო პირებს შეხვდნენ


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პრობლემის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეხვდა სრულიად საქართველოს შეიხს, რამინ იდიგოვს.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ მღვდელმთავრები, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, „სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენ მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის.“

საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი ვითარება მშვიდობიანი გზით, სამართლიანად გადაწყდება.

გასული კვირის ბოლოს, საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ფაშა ზადეს წარმომადგენელი ალი ალიევი.

საპატრიარქო აცხადებს, რომ აქტიურადაა ჩართული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებაში.

საუბარია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წლების განმავლობაში შეუთანხმებელ სასაზღვრო მონაკვეთზე, რომელიც უდაბნოს მონასტერთან გადის.

რამდენიმე დღის წინ ეს მონაკვეთი აზერბაიჯანელმა მესაზღვრებმა დაკეტეს, მოგვიანებით გახსნეს, თუმცა, თავად ფაქტმა საქართველოში საპროტესტო აქციები გამოიწვია. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკება უახლოეს ხანში განახლდება.

XS
SM
MD
LG