„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე შეტევის ახალი ფაზა დაიწყო და ეს, ალბათ, იქნება გადამწყვეტი ეტაპი“, - განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 6 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, სასამართლოში ტელეკომპანიის წინააღმდეგ შევიდა „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი, რომელიც ნიკა გვარამიასგან და სხვა მეწილეებისგან ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით - სულ 26 მილიონ ლარს. ნინო ნიჟარაძე არის ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის, გოგი გეგეშიძის ქვრივია.
გოგი გეგეშიძეტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელიდა არხის გენერალური დირექტორი 2009-2012 წლებში იყო.
ნიკა გვარამია ამ დავას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ სარჩელი ეფუძნება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის და საგადასახადო სამსახურის ინფორმაციას, სარჩელი შესულია ქართულ სასამართლოში, რომელსაც, გვარამიას თქმით, ყველაფერი შეუძლია:
„საქმეს კი იხილავს მოსამართლე ქოჩიაშვილი, კლანის წევრი, რომელიც, გასაგებია, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს“.
ამ სასამართლო დავის მიზანი, ნიკა გვარამიას განცხადებით სხვა არაფერია თუ არა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.
„...და ეს ყველაფერი მეხება მე. ამ ყველაფრის მერე მთავარი მოთხოვნა იქნება დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება, რაც უკვე ბევრჯერ სცადა ქართულმა სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა. მიზანი არის ქვეყნის მთავარი ოპოზიციური არხის გაჩერება, დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა, საქმის წაყვანა კომპანიის გაკოტრებისკენ და შემდეგ ბიძინა ივანიშვილისთვის არხის გადაცემა“ , - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნინო ნიჟარაძეს სთავაზობს გამოიტანოს სარჩელი სასამართლოდან და დავა გაგრძელდეს საერთაშორისო არბიტრაჟში, თუ ეს დავა რეალურად არის დავა ორ ბიზნესსუბიექტს შორის.
თუმცა ნიკა გვარამია იმასაც ამბობს, რომ რეალურად, დაიწყო „ახალი ომი რუსთავი ორის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ“, რის გამოც ტელეკომპანია საგანგებო რეჟიმზე გადადის.
„რუსთავი 2“ გადადის საგანგებო მდგომარეობაზე, ის კვლავ მოიგებს ამ ომს. დაიხურება და გაიხსნება ახალი ტელევიზია იგივე სახეებით/ მაგრამ ჩვენ არც ამ ბრძოლის წაგებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.