Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: "მინისტრები არ ირჩევენ როდის და რა ფორმატში მოვიდნენ პარლამენტში"


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების დაუყოვნებლივ მისვლას ითხოვს. მან აღნიშნული კომიტეტის სხდომაზე სოციალური მუშაკებისთვის მიცემული პირობების შეუსრულებლობის გამო უკმაყოფილება გამოხატა.

„სოციალურმა მუშაკებმა არაერთ კომიტეტზე მიიღეს დაპირება, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდებოდა. დღეს სოციალური მუშაკებისგან გვესმის, რომ მთელი რიგი საბაზო პრობლემები ჯერაც არ მოგვარებულა.

როგორც სოცმუშაკები საუბრობენ, ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა მხოლოდ ორი კვირით, მერე ისინი დაივიწყეს და ისევ დადგნენ ამ პრობლემის წინაშე. მათ ჯერ კიდევ უწევთ იმ მძიმე პირობებში მუშაობა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ჯანდაცვის კომიტეტის 6 მაისის სხდომაზე ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს აპრილის ბოლოს ელოდნენ, თუმცა შეხვედრა მაისის ბოლოსთვის გადაიდო, რაც მისი შეფასებით კანონდარღვევაა:

მინისტრები არ ირჩევენ როდის და რა ფორმატში მოვიდნენ პარლამენტში. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ პასუხები და არ სურთ ამ დაპირებების შესრულება. რაც მოვისმინეთ სოცმუშაკებისგან, როგორც კი ყურადღებას მიეფარა ეს საკითხი, მანქანები წაართვეს, ან გაფუჭებული მანქანები გაუგზავნეს.

ამას არანაირი ბიუროკრატია არ სჭირდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა აიღოს ტელეფონი და ჯანდაცვის მინისტრს მოსთხოვოს პირობების შესრულება, თუ ვერ მოგყავს პარლამენტში. სწრაფად არის ეს საკითხები მოსაგვარებელი. ყოველი არგასული მანქანა არის ყოველი ადამიანის ტრაგედია. ამიტომ მე არ ვიზიარებ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, რომ მაისის ბოლომდე ველოდოთ მინისტრებს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მინისტრების პარლამენტში მისვლის დროის შეცვლას კანონდარღვევად არ მიიჩნევს. პარლამენტს იგი სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირებების შესრულების კონტროლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG