პანკისის ხეობის მკვიდრნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ. ისინი ილია მეორეს ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ.
საქმე ეხება 21 აპრილს ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. პანკისელები მიიჩნევენ, რომ პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება უნდა შეწყდეს. როგორც პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პანკისის მცხოვრებლებმა განაცხადეს, მათ პატრიარქისგან კურთხევა მიიღეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს წერილობით მიმართონ.
„ორივე მხრიდან დაშვებული იყო შეცდომა. თუმცა, როგორც ვიცით, იურიდიული სამართლის კუთხით საპატრიარქოს ამის შესაძლებლობები არ აქვს, მაგრამ პატრიარქმა ჩვენ კურთხევა მოგვცა, რათა მიგვემართა ზემდგომი ორგანოებისთვის, რომ ეს წამოწყებული გამოძიება შეჩერდეს ამ ადამიანების მიმართ - საუბარია 400-ზე მეტ ადამიანზე, რომელთა შორისაც არიან ბავშვები, ახალგაზრდები, ქალები და მოხუცები“, - განაცხადა თემურ ძიძიაშვილმა.