აშშ-ისა და თალიბანის წარმომადგენლები ყატარში მართავენ შეხვედრას, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, დაასრულოს ავღანეთში 17-წლიანი ომი. ამის შესახებ განცხადება გააკეთა თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. მისი თქმით, თალიბანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც მეექვსეა 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ, 1 მაისს იწყება დოჰაში.
ვაშინგტონის თანახმად, ყატარის დედაქალაქში ჩადის თალიბანთან მოლაპარაკებებში აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი ზალმაი ხალილზოდი.
თალიბანი უარს ამბობს ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებზე და მას დასავლეთის მარიონეტს უწოდებს. ამასთან, ის მოითხოვს ავღანეთიდან უცხოური ძალების გაყვანას, სანამ ის პირდაპირ მთავრობასთან დაიწყებდეს მოლაპარაკებებს. ხალილზოდმა, რომელიც ავღანეთშია დაბადებული, 28 აპრილს ავღანეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად თალიბანმა უნდა შეცვალოს მეთოდები და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.