საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტთან დაკავშირებით პლენარული სხდომაზე მიმართა. მან თავისი სიტყვა დაიწყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ერთ-ერთ იმ ბოლო გადაწყვეტილებაზე საუბრით, რომელიც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის - სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას შეეხება, მოსამართლეთა დანიშვნის წესების ხელყოფის გამო.
„ სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბუნდოვანი კრიტერიუმებისა და თვითნებური გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნული მოსამართლე არ ითვლება კანონით დადგენილი წესით არჩეულად და კონვენციის მიზნებისთვის ის არის უკანონო. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავწეროთ ისეთი პროცედურა, რომელიც დაგვაზღვევს მსგავსი რისკებისგნ და იარსებებს სამართლებრივი გზები, დარღვეული უფლებების დასაცავად“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, რომლის შეფასებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა არჩევის სისტემას მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ჰქონდეს.
თავის გამოსვლაში ნინო ლომჯარია მიესალმა იმ ფაქტს, რომ კანონპოროექტის მეორე მოსმენისას დოკუმენტში აისახა რეკომენდაციები მოსამართლეობის კანდიდატთა ე.წ. სავალდებულო გამოცდებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. სახალხო დამცველმა მოუწოდა პარლამენტს სხვა გადაწყვეტილებებიც ოდირისა (ODIHR) და ევროსაბჭოს შენიშვნების შესაბამისად მიიღოს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელება აუცილებელია:
"მე მესმის, რომ პლენარული სხდომიდან შეუძლებელია კომიტეტზე მსჯელობის დაბრუნება, თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებელია პარლამენტმა გაითვალისწინოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მოსაზრებები და ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურების განმსაზღვრელი კანონპროექტის ხარვეზებსა და ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნებზე საუბარი თავად მოითხოვა.
ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის ისტორიაში სახალხო დამცველი პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლით გარანტირებულ კომპეტენციას პირველად იყენებს.
ამ წუთებში სახალხო დამცველი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.