ბათუმში მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილება დირექტორის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.
კაპანაძის გადაყენება რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს საბჭოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით არჩეულმა გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ.
ჩხარტიშვილმა მიზეზებად ის დაასახელა, რომ კაპანაძე პატივს არ სცემს და არ თანამშრომლობს მრჩეველთა საბჭოსთან, ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლებს უკრძალავს საბჭოს წევრებთან ურთიერთობას, ტელევიზიის მაყურებელთა რაოდენობა განახევრებულიაა, პრიორიტეტები არ სრულდება და ზოგიერთი საკითხი კანონის მოთხოვნებისთვის გვერდის ავლითაა გადაწყვეტილი.
დღევანდელ სხდომაზე გიგა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ შეუძლია დოკუმენტურად დაასაბუთოს ყველა ბრალდება, მათ შორის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტისთვის 85 ათასი ლარი ნათია კაპანაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაიხარჯა, მაშინ, როცა კანონი ავალდებულებდა მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებას.
ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების მეორე ინიციატორის, ირაკლი დარცმელიძის თქმით, დირექტორმა დახურა რამდენიმე რეიტინგული გადაცემა და სამსახურიდან დაითხოვა პროფესიონალები, უარს ამბობს თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდაზე და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, აჭარის ტელევიზიის და რადიოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული სხვა მოქალაქეები.